სტუდენტებმა მერს მიმართეს თხოვნით, უშუამდგომლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რათა არ დაიწყოს გაზგასამართი სადგურის მშენებლობა და გამოყოფილი ტერიტორია სხვა ადგილით ჩაანაცვლოს
უნივერსიტეტის ქუჩაზე, თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, გაზგასამართი სადგურის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეხვდებიან, ხოლო შეხვედრის ორგანიზებაში მათ თბილისის მერია დაეხმარება - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერი დავით ნარმანია და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
სტუდენტებმა თბილისის მერს მიმართეს თხოვნით, უშუამდგომლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რათა არ დაიწყოს გაზგასამართი სადგურის მშენებლობა და გამოყოფილი ტერიტორია სხვა ადგილით ჩაანაცვლოს.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, გაზგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებითი კომუნიკაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან იქნება საჭირო. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, დავით ნარმანიას თქმით, ის გაცემულია თბილისის მერიის მიერ და ყველა ძირითად მოთხოვნას პასუხობს. მისივე თქმით, გაზგასამართი სადგური არავითარ პრობლემას არ შეუქმნის სხვა ობიექტების ფუნქციონირებას, მათ შორის, არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არც ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტს.
„გაზგასამართ სადგურსა და მაღლივ კორპუსს შორის საკმაოდ დიდი სივრცეა, სადაც ახალგაზრდული ცენტრის აშენება იგეგმება. ეკონომიკის სამინისტროს უკვე მივმართეთ ამ ტერიტორიის გადმოცემის თხოვნით. ეს პროექტი იწყება, ამიტომ აქ ჩვენ არსებით საფრთხეს ვერ ვხედავთ, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, შევთანხმდით, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან შედგება კომუნიკაცია. დამატებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც სტუდენტები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა პროექტზე და მოცულობის ინვესტიციაზეა საუბარი. მერიის მხრიდან შეხვედრებში მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა დავით ნარმანია.
მისივე თქმით, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრის პროექტის განხორციელებამდე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება მოედნის და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
„ეს არის დაახლოებით 180 ათასი ლარის ღირებულების პროექტი, ამიტომ ჩვენ ამ ტერიტორიას კი არ ვკლავთ, არამედ ამ ტერიტორიის განვითარებაზე ვზრუნავთ, ეს ტერიტორია უფრო მეტად მიმზიდველი და საინტერესო უნდა გახდეს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, გასათვალისწინებელია ბიზნეს ინტერესები და ინვესტიცია, რადგან ინვესტიციის, დასაქმების და ეკონომიკური განვითარების გარეშე ქალაქი ვერ განვითარდება, ამიტომ, სადღაც ოქროს შუალედი უნდა ვიპოვნოთ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ აღნიშნული ქონება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით 2013 წლის 15 ოქტომბერს 1,02 მილიონ ლარად გაასხვისა. ამავდროულად, კომპანიას 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული.
აღნიშნული ტერიტორია არ ეკუთვნის და არც არასდროს ეკუთვნოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. თავად ტერიტორია მდებარეობს თსუ-ის კუთვნილი შენობიდან (მაღლივი კორპუსიდან) მინიმუმ 400 მეტრის დაშორებით. ამასთან, მიწის ნაკვეთი საკმაო მანძილითაა დაშორებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდანაც. პროექტი შედგენილია უსაფრთხოებისა და ყველა სხვა ტექნიკური მოთხოვნის სრული დაცვით.
რაც შეეხება თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივას, ამავე ქუჩაზე ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტერიტორია, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. თბილისის მერია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სამინისტროსთან, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული ქონების გადმოცემა (წერილობითი მიმართვა უკვე გაგზავნილია). პარალელურად, უკვე დაწყებულია ახალგაზრდული ცენტრის პროექტირებისთვის საჭირო პროცედურები.