რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოსა და თბილისის სომხური ეკლესიის სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრა დაზიანებული საკულტო ნაგებობების (კულტურული მემკვიდრეობის) აღდგენის საკითხს ეხებოდა. ყიზილაჯლოს საკულტო ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მიეკუთვნება. მას დაზიანებული აქვს სახურავი, რომელიც შეკეთებას საჭიროებს. სააგენტო მიიჩნევს, რომ თბილისში, გელათის ქუჩის #13-სა და იორის ქუჩის #30-ის კვეთაზე მდებარე ნაგებობაც სახელმწიფოს მხრიდან ძალზე სწრაფ რეაგირებას საჭიროებს, რადგან, პირველ რიგში, გადასარჩენია ძეგლი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გამოთქვამს მოსაზრებას და გამოდის ინიციატივით, რომ თითოეული მსგავსი საკითხის შესწავლისა და საკულტო ნაგებობების გადარჩენის მიზნით რელიგიის სააგენტოსთან შეიქმნას ერთობლივი კომისია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.