ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი რამაზ ნოზაძე მოჭიდავეებს ვარჯიშის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. როგორც რამაზ ნოზაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფედერაციაში შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო რომან რურუას ხელმძღვანელობით, მოჭიდავეების მიერ დასმულ საკითხებს განიხილავს. საბჭოს ფედერაციის კონტროლი და მოჭიდავეებთან ურთიერთობა დაევალა. ორი თვის განმავლობაში საბჭო პრეზიდიუმს დასკვნებს წარუდგენს. პრეზიდიუმის სხდომა ნოემბერში გაიმართება. "ამ პერიოდში ლუკა კურტანიძე ფორმალურად პრეზიდენტი იქნება, მაგრამ დარბაზში ვერ შემოვა", - აღნიშნა რამაზ ნოზაძემ.
"კურტანიძეს რაში აწყობს რომ კარებაჭედილში, კვერცხებნასროლში იმყოფება? ბიჭებთან ურთიერთობა მაქვს, მინდა ისინი ცოტა მოვარბილო. ვეუბნები დაანებეთ თავი, იყოს ცოტა ხანი, ნელ-ნელა წავა პროცესი და გადადგება. ისეთი სიტუაციაა, კვერცხებს კი არა, ხვალ შეიძლება ბენზინი გადაასხან და დაწვან. მე მინდა დალაგდეს და დაწყნარდეს ვითარება. მოჭიდავეები ამბობენ, თუ კურტანიძე შემოვა, არც ერთი არ ვივარჯიშებთ, სანამ არ გადადგებაო", - აღნიშნა რამაზ ნოზაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს გუშინ სპორტსმენებმა კვერცხები დაუშინეს. მოჭიდავეები მის გადადგომას მოითხოვენ. სამინისტროში პრეზიდიუმის სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ლუკა კურტანიძე თანამდებობაზე რჩება, ფედერაციაში შექმნილ სამეთვალყურეო საბჭოს კი ფედერაციის კონტროლი და პრეზიდიუმისთვის ვითარების გაცნობა დაევალა. ლუკა კურტანიძემ გუშინ სამინისტრო სამართალდამცავების გაძლიერებული კორდონის გავლით დატოვა. მოჭიდავეებმა მას ნაძირალა უწოდეს და შეძახილებით გააცილეს.