დავით უსუფაშვილი ლიტვის სეიმის დელეგაციას შეხვდა

დავით უსუფაშვილი ლიტვის სეიმის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტს ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ლიტვის სეიმის დელეგაცია სტუმრობს. ბალტიელ კანონმდებლებთან პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ლიტვის 20-წლიანი ურთიერთობები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ისევე როგორც ქვეყნებს შორის, ასევე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები დღეისათვის ძალიან აქტიურია და ორივე მხარემ თანამშრომლობის მაღალ ტემპში გაგრძელების მზაობა გამოთქვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ლიტველ დეპუტატებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და უელსის ნატო-ს სამიტზე გაამახვილა.

"ყველა გაგებით ახლა უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან და ამ ურთიერთობების დამყარებაში ლიტვის დეპუტაციას დიდი წვლილი მიუძღვის", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ლიტველი სტუმრების შეფასებით, საქართველომ ევროკავშირისკენ სვლის კუთხით და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. აღინიშნა, რომ პროცესების კიდევ უფრო აქტიურად განვითარებისთვის, ლიტვური მხარე მზადაა მხარში ამოუდგეს საქართველოს როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ლიტველი დეპუტაცია საკანონმდებლო ორგანოში დღესვე რამდენიმე შეხვედრას გამართავს, ასევე შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც შედგება.