თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, თემურ თორდინავამ და სამშენებლო კომპანია "დაგის" დამფუძნებელმა, გოგი გულორდავამ მოსკოვის გამზირზე 500 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, შეიქმნება აღსაზრდელთა 15-მდე ჯგუფი, მთლიანობაში კი ბაგა-ბაღი 500-მდე ბავშვისთვის სკოლამდელი განათლების მიცემას შეძლებს. სამშენებლო სამუშაოებზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
"ამ ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს უბანი ძალიან დატვირთულია და საბავშვო ბაღზე მოთხოვნა მაღალია. ამიტომ, ჩვენ, 500 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დავიწყეთ. ვვარაუდობთ, რომ მშენებლობა მომდევნო წელს დამთავრდება და ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ეს ბაღი სრულად იქნება მზად. ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, არ უნდა დარჩეს უბანი, სადაც ბავშვებს არ ექნებათ საბავშვო ბაღი. ეს არის საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მომდევნო წლის ბიუჯეტში უფრო მეტ თანხას გავითვალისწინებთ საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის, რათა ეს პრობლემა, რაც დედაქალაქში არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ, გადავჭრათ. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ იმისთვის, რომ ჩვენს პატარებს უკეთესი მომავალი შევუქმნათ", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
მოსკოვის გამზირზე ბაგა-ბაღის მშენებლობა ყოფილი 128-ე ბაღის ტერიტორიაზე განხორციელდება. მშენებლობის დასრულება 2015 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. 6 000 კვადრატულ მიწის ფართობზე ორსართულიანი შენობა აშენდება, რომელიც 1 600 კვ.მ-ს მოიცავს, მიწის დანარჩენ ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გამწვანების ზოლი მოეწყობა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, 2014 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევის საფუძველზე, გამოავლინა, რომ ბაგა-ბაღზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნა სწორედ ამ უბანშია. გარდა ამისა, აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში სოციალურად დაუცველი ბევრი ოჯახი ცხოვრობს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსკოვის პროსპექტზე დაწყებული საბავშვო ბაღის მშენებლობის გარდა, მიმდინარე წელს რამდენიმე ბაღის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი. ახალი ბაგა-ბაღები აშენდება გლდანში, ნაძალადევში, ისანში, სამგორში, კრწანისსა და საბურთალოზე. ჯამში, 8 ახალი ბაღის მშენებლობაზე 16 მლნ ლარამდე დაიხარჯება.