“ყველა დაწესებულებას ადმინისტრაცია მართავს და არა “მაყურებლები”, მე ამის სრულ გარანტიას გაძლევთ”

“ყველა დაწესებულებას ადმინისტრაცია მართავს და არა “მაყურებლები”, მე ამის სრულ გარანტიას გაძლევთ”

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, შესაძლებელია, სისტემაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი გავლენის მოპოვებას შეეცდებიან

“მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ განვმეორდები, რომ შესაძლებელია, სისტემაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან საკუთარი გავლენის მოპოვებას, ამას ჩვენი სისტემა ვერ წაახალისებს. დაწესებულება მართავს თავიდან ბოლომდე მთლიანად სისტემას და არა მაყურებლები. მე არ ვიცი, ვინ ვის ეძახის “მაყურებელს”. შეიძლება თვითონ მსჯავრდებულებმა ვიღაცა აღიარონ, ვიღაცას მისცენ ერთგვარი პრივილეგია, ჩვენ დაწესებულება ამის წახალისებას ვერ გააკეთებს. ადმინისტრაცია მართავს ყველა დაწესებულებას, მე ამის სრულ გარანტიას გაძლევთ. აქვე მინდა დავადასტურო, რომ მე ვიქნები ძალიან  მკაცრი და სამართლიანი”, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით, შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში მთავრობას წარედგინება და ამ რეფორმით სისტემა ძირფესვიანად იცვლება.

“როდესაც მოვედი ამ სისტემაში, ანალიზმა ცხადჰყო, რომ არის რაღაც ნაკლოვანებები და პრობლემები, მაგრამ ზუსტად ამიტომ მე ჩემს გუნდთან ერთად დავწერე კანონპროექტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენ მთავრობას პარლამენტში გადასაგზავნად. ამ რეფორმით სისტემა ძირფესვიანად იცვლება. ეს სისტემა არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, სისტემა, რომელშიც არ ჩატარებულა არცერთი რეფორმა. ეს მემკვიდრეობით ერგებოდა ხან შსს-ს, ხან იუსტიციის სამინისტროს, 2009 წელს შეიქმნა სასჯელაღსრულების სამინისტრო და ისევ იმ ფორმით ფუნქციონირებს, რა დროსაც საბჭოთა საქართველოს დროს. მე ამ სისტემას მოქნილს გავხდი”, - განაცხადა მღებრიშვილმა

ამასთან, სასჯელაღსრულების მინისტრი გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გასულ სიუჟეტსა და აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა.

“ერთ მაგალითს მოგიყვანთ მხოლოდ და მხოლოდ - ეს არის ვინმე შამილ გუჯეჯიანი, რომელმაც საზოგადოებას  თავი ძვლების ტყლაშა-ტყლუშით დაამახსოვრა, თუ გახსოვთ ეს რამდენიმე დღის წინანდელი გადაცემიდან. ეს ადამიანი სასჯელს საქართველოში იხდიდა და გათავისუფლდა 2012 წლის სექტემბერის დასაწყისში. მოგეხსენებთ, ეს რა პერიოდია - არჩევნების წინა პერიოდი. იცით, რა ჰქონდა ამ ადამიანს ჩადენილი - პოლიციელები ჰყავდა დაყაჩაღებული, პოლიციელებს წაართვა იარაღი, დაუცხრილა მანქანა, შემდეგ ასევე გამვლელი მანქანა იარაღის მუქარით წაართვა სხვა მოქალაქეს და მიიმლა შემთხვევის ადგილიდან. ეს ადამიანი წინა ხელისუფლებამ გაათავისუფლა იმ ლეგენდით, თითქოს ის ძალიან ავად იყო. მძიმე დაავადება რას ნიშნავს იცით - ამ ადამიანს მეორე ხარისხის წნევები აწუხებდა. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, ეს წნევიანი ბატონი დღეს საფრანგეთში, პარიზში მოგვევლინა და ჩვენ ბრალს გვდებენ, რომ თითქოს ის სასჯელაღსრულების სისტემას იქედან მართავს. ასეთი კრიმინალური ავტორიტეტები ვის მიერ იყო წახალისებული - ჩვენი თუ წინა ხელისუფლების მიერ? დღეს ეს ადამიანი წახალისებული არ არის? როდესაც 2015 წლის ბოლოს უმთავრდებოდა სასჯელის ვადა. მე უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე იმ ადამიანისა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სისტემის მმართველად მოგვევლინა”, - განაცხადა მღებრიშვილმა

კითხვაზე - ავთენტურა თუ არა ეს ჩანაწერები,  მინისტრის თქმით, ამით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან და გააკეთებენ განცხადებებს.

“რა შედეგებიც დაიდება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ”, - დასძინა მღებრიშვილმა