თემურ ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილების, ყოფილი მეუღლის და სიდედრის ქონება დაყადაღებულია

თემურ ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილების, ყოფილი მეუღლის და სიდედრის ქონება დაყადაღებულია

დაყადაღებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილების, ყოფილი მეუღლის და სიდედრის ქონება, ასევე 560 ლარიანი პენსია, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ჯანაშიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ორი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაადო. აღნიშნული ადვოკატს უკანონო ქმედებად მიაჩნია და აცხადებს, რომ ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილების, ყოფილი მეუღლისა და სიდედრის ქონებას კავშირი არ აქვს წარდგენილ ბრალდებასთან, არც სამართლებრივი მოტივით და არც არანაირი ლოგიკით.

"გადაწყვეტილება არის არაკანონიერი და დაუსაბუთებელი, მაშინ როდესაც ყადაღას ადებენ ყოფილი მეუღლის ქონებას, ასევე არასრულწოვანი შვილების ქონებას და საპენსიო ანგარიშს. თემურ ჯანაშიას ყოვეთვიურად ერიცხებოდა როგორც სამხედრო-საპოლიციო დაცვის სამსახურის ყოფილ წარმომადგენელს პენსია და ეს ანგარიში დაყადაღებულია. ფაქტობრივად, იგი რჩება საარსებო სახსრების გარეშე. სამართლებრივად დაყადაღების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, იქიდან გამომდინარე, რომ თემურ ჯანაშიას ედავებიან გაფლანგვას. ამასთან ქონების დიდი ნაწილი, რომელიც დაყადაღებულია შეძენილია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნამდე", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამასთან, თემურ ჯანაშიას თქმით, "ციდან ჩამოვარდნილია" ის ბრალდება, რომელიც მას აქვს წარდგენილი. ბრალდებული აცხადებს, რომ თანხების გაფლანგვა, რომელსაც მას ედავებიან არ მომხდარა და თანხები, რომელსაც იგი განკარგავდა კანონის ფარგლებში იხარჯებოდა.

"რვა მილიონ ნახევარი, რომელსაც გვედავებიან, დათვლილია იუშენკოს ბანაობიდან დაწყებული სხვა ქვეყნებში მანქანების დაქირავებით. ალბათ, სწორი ის იქნებოდა, რომ თვითმფრინავით წაგვეღო საკუთარი ავტომობილები და ალბათ, ეს იქნებოდა უფრო ეკონომიური ქვეყნის ბიუჯეტისთვის. ბრალდება არის ციდან ჩამოვარდნილი, ამ ბრალდების საქმეზე კი, დაყადაღებულია ჩემი ქონების დიდი ნაწილი, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნამდე მქონდა. შემიძლია დაინტერესებულ პირებს ვუთხრა რა ქონება მაქვს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში", - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან ერთად წარდგენილ ბრალდებას, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, წინა სასამართლო სხდომა 7 ოქტომბერს არის ჩანიშნული. თუმცა ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდების მხარე საგამოძიებო ვადის გაგრძელებას მოითხოვს.