ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობს ქვეყანაში კრიმინალის ზრდასა და ამ კუთხით ვითარების გაუარესებაზე. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ისტერიას კრიმინოგენული ფონის დაძაბვასთან დაკავშირებით უშიშროების ექს-მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე გადაჭარბებულად მიიჩნევს. მისი თქმით, კრიმინალური ფონის კუთხით ქვეყანაში საგანგაშო არაფერი ხდება.
„ნაციონალები" გაიძახიან, რომ კრიმინალმა იმატა და ამის დამადასტურებლად ყველაფერს იყენებენ - ჭორს თუ მართალს. სამწუხაროდ, მათ მიაღწიეს მიზანს - ამის შესახებ საზოგადოებაში აქტიურად მსჯელობენ, ისევე, როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირებაზე. ესეც ყურით მოთრეული თემაა. რაც უფრო ბევრს ვილაპარაკებთ ამაზე, ჩათვალეთ, რომ „ნაციონალების" მიზანი მიღწეულია. არადა, ჩემი აზრით, კრიმინალური ფონის კუთხით საგანგაშო არაფერი ხდება...
საქართველოში ამჟამად არ არის ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, რამაც შესაძლოა, კატაკლიზმები გამოიწვიოს. თუმცა, კრიმინალის ზრდის შესახებ ისტერიული ფონის შექმნა და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტები, შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის მოსამზადებელი ეტაპი", - განაცხადა ქუთათელაძემ. თუმცა უშიშროების ექს-მინისტრი 1 ან 2 წლის შემდეგ არეულობას არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ შესაბამისად არ იმოქმედა.
„ნაციონალები", რა თქმა უნდა, ისევ იდემაგოგებენ, იცრუებენ, არც პროვოკაციებია მათთვის უცხო ხილი, მაგრამ საზოგადოებაც უნდა შეიცვალოს, ახლანდელი სამართალდამცველი ორგანოებიც უფრო გახსნილები უნდა იყვნენ ინფორმაციული თვალსაზრისით და იმოქმედონ კომპეტენტურად და ოპერატიულად", - განაცხადა ქუთათელაძემ.