"გაერო-ს ფარგლებში შეხვედრებისას მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა იქნება"

როგორც აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, საქართველოს აშშ-სთან დინამიური ურთიერთობა აქვს, რასაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრები კიდევ უფრო გაამყარებს.

"როგორც მოგეხსენებათ, ამერიკულ მხარესთან ძალიან დინამიური ურთიერთობები გვაქვს, მათ შორის, კონტაქტები გაერო-ს ფარგლებშიც შედგება. რა თქმა უნდა, ამ კონტაქტების დროს მთავარი განსახილველი თემა იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი, მათ შორის, დეოკუპაციის საკითხი, ასევე არაღიარების პოლიტიკა", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე იმყოფება. სესიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი შეხვედრა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები უცხოელ პარტნიორებთან გამართავენ.