„ჩემი ქვეყანა მუშაობს მთელ რიგ ინიციატივებზე, რომლებიც ორიენტირებულია ჩვენი მოსახლეობის ზრუნვაზე“

„ჩემი ქვეყანა მუშაობს მთელ რიგ ინიციატივებზე, რომლებიც ორიენტირებულია ჩვენი მოსახლეობის ზრუნვაზე“

როგორც პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) გამოსვლისას განაცხადა, ICPD სამოქმედო პროგრამის მიღების შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„ეს სხდომა ტარდება იმ დროს, როდესაც  მსოფლიო დგას მთელი რიგი კრიტიკული გამოწვევების წინაშე. ეს გვავალდებულებს ახალი ენერგიითა და ძალისხმევით შევუდგეთ მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) დღის წესრიგის განხორციელებას, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის და ჩვენი 2015 წლის შემდგომი განვითარების პროგრამის განსაზღვრისათვის.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ICPD სამოქმედო პროგრამის მიღების შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ICPD-ის დღის წესრიგის რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულების განვითარება-ხელშეწყობის კუთხით.

დღესდღეობით მოსახლეობასთან დაკავშირებული პროგრამები და დღის წესრიგი ძალზე წარმატებული აღმოჩნდა: მშობიარობისას გარდაცვლილი ქალების რაოდენობა შემცირდა, ხდება უფრო მეტი არასასურველი ორსულობის პრევენცია, გაფართოვდა ახალგაზრდების შესაძლებლობები, თუმცა გაცილებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

ჩემი ქვეყანა მუშაობს მთელ რიგ ინიციატივებზე, რომლებიც ორიენტირებულია ჩვენი მოსახლეობის ზრუნვასა და მისი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გასულ წელს ყველაზე მინიშვნელოვანი მოვლენა იყო მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყება, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს თითოეული მოქალაქე ამბულატორიული, სტაციონარული და გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო მომსახურების საბაზისო პაკეტით.

„საქართველოს, ასევე, აქვს ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სტრატეგია, რომლის ძირითადი აქცენტები მიმართულია ღარიბი და სოციალურად დაუცველი ადამიანების დაცვასა და ხანდაზმულ ასაკში სიღარიბისაგან დაცვაზე.

ახლადდაარსებული სახელმწიფო და კერძო სექტორის მომცველი სოლიდარობის ფონდი მოახდენს არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზაციას სოციალურად ყველაზე დაუცველი მოსახლეობის მხარდასაჭერად.

2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის  რატიფიცირება. შემდგომ, 2014 წლის იანვარში, საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი სამოქმედო გეგმა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის შესახებ.

ჩემმა ქვეყანამ განახორციელა რამდენიმე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ინიციატივა ადამიანის უფლებათა სფეროს მოსაწესრიგებლად,  2014-2020წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის, 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ჩათვლით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.