საპარლამენტო კომიტეტებში ხვალ "საგადასახდო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.
საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ფარგლებში ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ მეწარმეებს გარკვეული საგადასახადო დავალიანებები და დარიცხული ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ.
კერძოდ, "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება: 2005 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; ასევე 2009 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის გადახდის პირობით, თუკი პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება.
გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ჩამოწერას დაექვემდებარება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმა.
მთავრობის პროექტზე ხვალ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე იმსჯელებენ.