ის პრობლემები, რომლებსაც დღეს უკრაინა აწყდება, ჩვენთვის ნაცნობია

ის პრობლემები, რომლებსაც დღეს უკრაინა აწყდება, ჩვენთვის ნაცნობია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაოლო კლიმკინთან შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც მან ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა, ქართული მხარე უკრაინულ მხარესთან ორმხრივი კონსულტაციების რეჟიმში იმყოფება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოსთვის სულ ერთი არ არის როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში.

"ამისთვის ჩვენ ყველა ფორმატს ვიყენებთ. გაეროც მნიშვნელოვანი ფორმატია და ამ ფორმატში მოხდა ორმხრივი შეხვედრა. ვისაუბრეთ კოორდინირებულ მოქმედებებზე. მოგახსენებთ, რომ ჩვენ უკრაინელებს ვეხმარებით, მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ მათ ჰუმანიტარული თვალსაზრისით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კონსულტაციები, გავუზიაროთ გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, კერძოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გამოცდილებაზე, ასე რომ, ეს კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება, რადგანაც ის პრობლემები, რომლებსაც უკრაინა აწყდება დღეს, ჩვენთვის ნაცნობი პრობლემაა და აქედან გამომდინარე გაერთიანებული ძალისხმევა აუცილებელია", - აღნიშნა ზალკალიანმა.