საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს აჭარაში ჩავიდა, სადაც 20-21 სექტემბერს ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
გიორგი მარგველაშვილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს ეწვია, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული 36 წლის ამირან სამნიძე მოინახულა, რომელიც მეწყრის ჩამოწოლის დროს დაშავდა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იგი მზადაა აჭარის მთავრობას მხარში ამოუდგეს. პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის მეთაურს გადასცა, რომ ამირან სამნიძის გადარჩენისათვის მაშველს, ვახტანგ დევაძეს მადლობა გადაუხადონ.
"დატბორვის მიზეზებს და იმ შედეგს, რაც მოხდა, სწავლობს აჭარის ხელისუფლება. ჩვენ მოვედით, რომ მხარში ამოვუდგეთ აჭარის მთავრობას, აგრეთვე იმისთვის, რომ გავცნობოდით მიმდინარე სამუშაოებს. პირველ რიგში, ბუნებრივია, მოვინახულეთ მეწყრის დროს დაზარალებული. იგი უაღრესად მადლობელია იმ მაშველისა და მედპერსონალის, რომლებმაც კარგად იმუშავეს და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას მისი გამოჯანმრთელებისათვის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.