საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ქვეყნის ეკონომიკის მომავლის იდეას ეკონომიკური ჰაბის ფუნქციაში ხედავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქადაგიძემ ტელეკომპანია Bloomberg-ის ეთერში ისაუბრა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინტერვიუში განმარტა, ბოლო 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ სექტორში გატარებული რეფორმების მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო - საქართველოს ეკონომიკის ჰაბ ეკონომიკად გადაქცევა.
"საქართველოს ეკონომიკის მომავლის იდეა არის ეკონომიკური ჰაბის ფუნქცია. ბოლო 10 წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებს დიდი გავლენა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკაზე: ჩვენ ავაშენეთ ქვეყანა ძალიან დაბალი გადასახადებით, ლიბერალური გარემოთი და კაპიტალის კონტროლის გარეშე - თავისუფალ ბაზარზე დამყარებული ეკონომიკა ავაშენეთ. ამ ყველა რეფორმის მთავარი იდეა და მიზანი იყო საქართველოს ეკონომიკის ჰაბ ეკონომიკად გადაქცევა, რომ საქართველო გამხდარიყო ლოგისტიკის, ტურიზმისა და კულტურული ჰაბი რეგიონში", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.