საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის განცხადებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს საკადრო პოლიტიკაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლება ჰქონდა.
ხაბელოვის თქმით, ეს უფლება კურტანიძეს პრეზიდიუმმა წინა სხდომაზე მიანიჭა. მისივე ინფორმაციით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა დღეს ლუკა კურტანიძისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება სამართლებრივი ჩარჩოების შესაბამისად მიიღეს.
"ჩვენ წესდებით ვხელმძღვანელობთ და ამის შესაბამისად ფაქტობრივად ჩვენ ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოვუჩინეთ ლუკა კურტანიძეს. ის, რომ ფედერაციის პრეზიდენტს მწვრთვნელების გადაყენება პირდაპირ, ერთპიროვნულად შეუძლია, წესდებაში წერია. ამის უფლება ჩვენ მას წინა პრეზიდიუმზე მივეცით. მწვრთვნელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც წერია, რომელსაც ხელს ყველა მხარე აწერს, სადაც ჩაწერილია, რომ ფედერაციის პრეზიდენტს მწვრთვნელის გაშვების უფლება აქვს, თუ არ იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი. კურტანიძეს დღეს მწვრთვნელების გათავისუფლების გადაწყვეტილების გატანა უნდოდა, თუმცა დაძაბული ფონის გამო ჩვენ ეს საკითხზე შევაჩერეთ. რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, ვფიქრობ, საკადრო ცვლილებები ყოველთვის აუცილებელია, თუ შედეგები დამაკმაყოფილებლად არ ფასდება. ჩვენ ემოციებით ვერ ვიხელმძღვანელებთ და საკითხებს პრეზიდენტად კურტანიძის მოწონება-არმოწონების მიხედვით ვერ გადავწყვეტთ. ჩვენ თუ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჩაჯექით და წესდებით არ ვიხელმძღვანელეთ, არაფერი გამოგვივა" - განაცხადა ხაბელოვმა