ჭიდაობის ეროვნული ნაკრები, ფედერაციის პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის გადადგომამდე ვარჯიშს წყვეტს. როგორც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კურტანიძის თანადებობაზე დარჩენის შემთხვევაში, სამწვრთნელო პროცესს საფრთხე ემუქრება.
"ეს ადამიანი უნდა წავიდეს, მოშორდეს თავიდან, რომ ბიჭებმა ვარჯიშები სწრაფად დაიწყონ და რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა. სანამ ეს იქნება, მანამდე გამორიცხულია მუშაობა. უნდა წავიდეს, მოშორდეს აქედან. 300 პოლიციელი დაგვაყენა თავზე. მაგის სიტყვას ფასი არ აქვს. ეგ არის ჭიდაობის სირცხვილი და მოშორდეს აქედან", - აღნიშნა რევაზ მინდორაშვილმა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან დღეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს სპორტსმენებმა კვერცხები დაუშინეს.
სპორტსმენები კურტანიძის გადადგომას მოითხოვდნენ. შენობაში პრეზიდიუმის სხდომა იმართებოდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ლუკა კურტანიძე თანამდებობაზე რჩება. ლუკა კურტანიძემ შენობა შეძახილების ფონზე დატოვა. სპორტსმენებმა მას "ნაძირალა" უწოდეს.