თუ კურტანიძე ფალავანთა კლუბში მობრძანდება, ბიჭები რას უზამენ, არ ვიცი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მოჭიდავე დავით მოძმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ფორმალურად რჩება. როგორც მოძმანაშვილმა აღნიშნა, მას თვენახევარში თანამდებობას დაატოვებინებენ. მოჭიდავის ინფორმაციით, სპორტსმენებს პრეზიდიუმის წევრებმა გარანტია მისცეს, რომ კურტანიძე თანამდებობაზე ფორმალურად რჩება და ის არაფერს აღარ წყვეტს.
"ვარჯიშს განვაგრძობთ, მაგრამ თუ კურტანიძე ფალავანთა კლუბში მობრძანდება, ბიჭები რას უზამენ მაგას, არ ვიცი, შეიძლება ცუდად დამთავრდეს ყველაფერი, ფიზიკური შეხებითაც", - აღნიშნა დავით მოძმანაშვილმა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან დღეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტუნიძეს სპორტსმენებმა კვერცხები დაუშინეს.
სპორტსმენები კურტანიძის გადადგომას მოითხოვდნენ. შენობაში პრეზიდიუმის სხდომა იმართებოდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ლუკა კურტანიძე თანამდებობაზე რჩება. ლუკა კურტანიძემ შენობა შეძახილების ფონზე დატოვა. სპორტსმენებმა მას "ნაძირალა" უწოდეს.