პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზარალებელი იქნება, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. ამასთან, ძიძიგურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის გაცილებით უფრო დამაზარალებელია, ჩადენილ დანაშაულების გამოძიებაზე უარის თქმა.
"მე მაქვს ჩემი მოსაზრება: თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს გაამტყუნებს და მისი დაპატიმრება, როგორც ყოფილი პრეზიდენტისა, ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზარალებელი იქნება, არსებობს შეწყალების მექანიზმი. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ეს მექანიზმი უნდა იქნას ამოქმედებული და პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა ექსპერზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. თუ კაცს დანაშაული აქვს ჩადენილი და მისი გამოძიება არ მოხდება, კიდევ უფრო აზარალებს ქვეყანას", - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.
გარდა ამისა, ძიძიგური "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს, თუკი ფიქრობენ, რომ ადგილი აქვს სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას და მისი ქონება, ანგარიშები უკანონოდ დაყადაღდა, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის სასამართლოში გაასაჩივრონ.