აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის დედა აცხადებს, რომ გიორგი ოქროპირიძე მისი შვილის ახლო მეგობარი არასდროს ყოფილა და არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ ოქროპირიძეს მისი უფროს შვილთან , თენგო მახარაძესთან ციხეში ყოფნის დროს კონფლიქტი ჰქონდა და შემდეგ ლაშაზე იძია შური. როგორც ნინო დიდებულიძე ჰყვება, მისი შვილს თენგიზ მახარაძეს ციხეში გიორგი ოქროპირიძესთან , როგორც უმცროს უბნელ ბიჭთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დიდებულიძე ჰყვება , რომ მისი შვილი ტყუილუბრალოდ არის მოკლული და როგორც ამბობენ ციხიდან გამოსული ოქროპირიძე მოსაკლავთა სიით დადიოდა. თუმცა დიდებულიძე ამბობს, რომ მისი შვილი ამ სიაში არ ყოფილა.
"ლაშას არავისთვის არაფერი დაუშავებია. მკვლელი კი თურმე სიით დადიოდა, უნდა დაეხოცა ხალხი, ეს ცნობილია, ბევრს ემუქრებოდა მოკვლით. დარწმუნებული ვარ, ლაშა იმ სიაში არ ყოფილა. შემთხვევით გადაეყარა მას აბაშიძის ქუჩაზე. ეტყობა, ქუჩაში შეყოვნდა, ალბათ, ვინმეს ელოდებოდა, და ამ დროს გამოიარა ოქროპირიძემ ბერძენიშვილის მანქანით. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის მანქანა ისევ უკან წამოვიდა და ლაშასთან გააჩერა. რომ ამბობს, მე არ მომიკლავს, იქ არ ვყოფილვარო, ტყუილია. თალაკვაძის მკვლელობის დროსაც გაიძახოდა დედამისი, ჩემს შვილს არ მოუკლავს მეგობარი, პოლიციამ მოკლა და ჩემს შვილს დააბრალაო. არადა, მაშინ როცა დედამისი კბილებით გლეჯდა ყველაფერს, ციხეში ოქროპირიძე პატიმრებთან აღიარებდა, რომ თალაკვაძე მან მოკლა. ახლაც იმავეს ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ, პირველი წუთიდან ცნობილია, რომ ჩემს შვილს არაკაცმა ოქროპირიძემ ესროლა. ალბათ, ლაშას ვიღაცების ადგილსამყოფელი ჰკითხა, რომ დაეხოცა. ლაშამ კი უთხრა, არ ვიცი, სად არიან, დაბადების დღეზე მივდივარო. ამ დროს ამოიღო იარაღი და ესროლა... "-აცხადებს დიდებულიძე "კვირის პალიტრასთან" საუბარში.