პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს, საჯარო სამსახურში კონკურსების კანონით განსაზღვრულ ვადებში ჩატარება უზრუნველყოს.
აღნიშნულ თემაზე შენიშვნები მთავრობის მისამარით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთდა, სადაც კონკურსის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პროექტის ინიცირება მოხდა. კერძოდ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ჟორჟოლიანმა "საჯარო სამსახურის" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ თვითმმართველობებში საკონკურსო თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ვადა სამი თვით გადაიწევს. პროექტის გათვალისწინებით, 2014 წლის 31 ოქტომბრის ნაცვლად, 31 დეკემბერი განისაზღვრება თვითმმართველობების თანამდებობაზე იმ მოხელის დანიშვნის ბოლო ვადად, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეირჩეს.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ ხაზი გაუსვა, რომ საკონკურსო ვადების გადაწევის თაობაზე დღევანდელმა პარლამენტმა გადაწყვეტილება რამდენჯერმე მიიღო. დეპუტატის თქმით, საჭიროა, თავის დროზე გაკეთდეს ის, რაც კანონით არის დადგენილი.
"თუკი ამ პრობლემას არ მიეხედა, მოვა დეკემბერი და იტყვიან, კიდევ გადავწიოთ ვადა ორი-სამი თვით და ასე უსასრულოდ გაგრძელდება", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ხმალაძის შენიშვნა გაიზიარა პროექტის ავტორმა გია ჟორჟოლინმა, რომელმაც განმარტა, რომ მისი საკანონმდებლო წინადადება სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების თხოვნით მომზადდა.
"კონკურსები არა მხოლოდ დროზე უნდა ჩატარდეს, არამედ ეს პროცესი უფრო გონივრულად და გააზრებულად უნდა დაიგეგმოს", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.