ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ საქმეზე გამოძიება, რომელთან დაკავშირებითაც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, მისი პროკურორობის დროს დაიწყო.
როგორც კბილაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, საქმე უშიშროების საბჭოს მიერ წარგზავნილი მასალების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
"ჩემ დროს იყო ძიება დაწყებული ფაქტზე, რომელიც უშიშროების საბჭოს მიერ გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო და, რომელიც ხარჯების შესწავლას შეეხებოდა. გიდასტურებთ, რომ ეს ნამდვილად ჩემი პროკურორიბის დროს მოხდა",- განაცხადა კბილაშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით კბილაშვილის შეფასებას, იგი კომენტირებისას თავს იკავებს.
"ამ საკითხს აქვს ორი შემადგენელი - ერთი სამართლებრივი, მეორე პოლიტიკური. მე არ ვფლობ დოკუმენტებს, რომ ამ საკითხს სამართლებრივი შეფასება მივცე, რაც შეეხება პოლიტიკურს - მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამის მიზანშეწყონილობაზეც ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.