მერიის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე კახა კალაძის ცოლისძმის კანდიდატურა განიხილება

მერიის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე კახა კალაძის ცოლისძმის კანდიდატურა განიხილება

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, განათლების, სპორტისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი არეშიძის კანდიდატურა განიხილება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც საკრებულოს უმრავლესობა მუდმივად საუბრობს მერიის გაბერილ შტატებზე და საბიუჯეტო პრობლემების გამო ბევრი სოციალური პროგრამა დაუფინანსებელი დარჩა, "ქართული ოცნება" სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციას გეგმავს. მისივე თქმით, ერთ-ერთ საქალაქო სამსახურის, კერძოდ, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ვიცე-პრემიერ კახი კალაძის ცოლისძმა, გიორგი არეშიძე უნდა დაინიშნოს.

ნადირაძის განცხადებით, გიორგი არეშიძე განათლებისა და კულტურის კომისიის წინა სხდომაზე იმყოფებოდა, სადაც მან დაადასტურა, რომ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ძირითად კანდიდატად განიხილება. ნადირაძემ განმარტა, რომ ამ ფაქტს საკრებულოს დეპუტატებიც ადასტურებენ.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის განცხადება უარყო და აღნიშნულს არაზუსტი ინფორმაცია უწოდა.

"არ მსურს მოვლენებს წინ გავუსწრო. საკითხის ხვალინდელ სხდომაზე დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს დებულება ძალაში ერთი თვის შემდეგ შევა. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია და ახალი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნა", - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

თბილისის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციას დღეს მხარი საკრებულოში განათლებისა და კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური-საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაფართოერბული სხდომაზე დაუჭირეს.

თბილისის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად სამი საქალაქო სამსახური ჩამოყალიბდება: კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურები. ამ საკითხს თბილისის საკრებულო ხვალ სხდომაზე განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში საკრებულოს დებულება ძალაში ერთი თვის შემდეგ შევა.

კომისიების გაფართოებულ სხდომაზე საკითხი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ წარუდგინა. მან ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე არგუმენტები წარმოადგინა. კერძოდ, ფუნქციების აღრევა და რესურსების არასამართლიანი განაწილება.

კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ შეკითხვით მიმართა თბილისის მერის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს, ხომ არ დაინიშნება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც მერიაში უკვე მუშაობს. ალუდა გოგლიჩიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ საიდან აქვს ინფორმაცია ირაკლი აბესაძეს მათი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.