ეს განცხადება ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ციხეებში არსებული ვითარებისა და ბოლო დროს გავრცელებული აუდიო ჩანაწერების კომენტირებისას გააკეთა.
როგორც კბილაშვილი აცხადებს, ვითარება, როდესაც ციხეებში სიტუაცია ადმინისტრაციისთვის არახელსაყრელი კუთხით შეიცვალა, ერთგვარად ლოგიკურია. „ზოგადად, მსჯელობა, რომ ციხეებში ვითარება შეიცვალა, ადმინისტრაციისთვის არახელსაყრელი კუთხით, ლოგიკურად მეჩვენება, იმიტომ, რომ წინაპერიოდში ადმინისტრაციის უფლებები იყო იქაც კი შესული, სადაც არ უნდა ყოფილიყო. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მსჯავრდებულისა და ბრალდებულის უფლებები პრაქტიკულად იგნორირებული იყო. ახლა, როცა ადმინისტრაციამ დაიწყო თავის ადგილზე დადგომა და რეალურად იმ უფლებების გამოყენება, რაც კანონით ეკუთვნის, ამან უკურეაქცია გამოიწვია - ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებული თუ მსჯავრდებული იქ გაჩერებულიყო, სადაც მისი უფლებებია, ამან რაღაც დოზით, უკურეაქციის სახით ადმინისტრაციაზე მათი ზეწოლის შემთხვევები წარმოშვა. ეს ზამბარის პრინციპის მსგავსად მოხდა, რომელიც ადრე ძალიან გაჭიმული იყო. უკან დახევის შემდგომ კი, მსჯავრდებულებმა თავის უფლებებში სათანადო ადგილი ვერ ნახეს. ეს ლოგიკურად მიმაჩნია, იმიტომ, რომ იმდენად გამოცვლილი იყო ადამიანური თვისებები წინა მართვაში, რომ ასეთი რეაქცია, რომელიც ნამდვილად არ ჯდება კანონის ჩარჩოებში, შეიძლება ლოგიკური, მაგრამ არასწორი იყოს. ალბათ, დროის თემაა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამყარდეს ის წესრიგი, რასაც კანონი მოითხოვს“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.