კაენმა რომ აბელი მოკლა, მის შემდეგ კრიმინალი არსებობს

კაენმა რომ აბელი მოკლა, მის შემდეგ კრიმინალი არსებობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა სოზარ სუბარმა არ იცის, ავთენტურია თუ არა ეკა კვესიტაძის "განსხვავებულ აქცენტებში" გასული ჩანაწერები , თუმცა, გადაცემას ჟურნალისტური, არაკეთილსინდისიერებისა და არაპროფესიონალიზმის ნათელ მაგალითად აფასებს.

როგორც სოზარ სუბარმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შესაძლოა, ზოგიერთი ჩანაწერი ავთენტური იყოს, ზოგი არ იყოს, ყოველ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების სამინისტრო ამბობს, რომ ჩანაწერები ავთენტური არ არის. თუმცა, მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ ჩანაწერები ავთენტურია, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად არაკეთილსინდისიერად იქნა ისინი გამოყენებული. კერძოდ, სოზარ სუბარი რამდენიმე მაგალითზე საუბრობს.

"რითიც დაიწყო გადაცემა, თავდაპირველად რაც გაუშვეს, ეს იყო მე-7 საპყრობილეში კრიმინალური გარჩევის კადრები. ეს არის გადაღებული "ნაციონალური მოძრაობის" დროს და youtube სავსეა ამ კადრებით. ვთქვათ და არ იყო მათ დროს, იყო შევარდნაძის დროს, არა ჩვენს დროს, ასეთი რამე სულ ხდება, კაენმა რომ მოკლა აბელი, მის მერე კრიმინალი არსებობს და იარსებებს მეორედ მოსვლამდე. ამიტომ არის ციხე, რომ კრიმინალები იყვნენ იქ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება ე. წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიას თემას, სოზარ სუბარის თქმით, ეს ადამიანი ციხიდან გაუშვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

"არ დავიწყებ სპეკულაციას იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ძმაა და ა.შ. ისინი ადგნენ და გაუშვეს ფოცხვერია, მოუხსნეს რა შეკრებითობა, მაშინ როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს, რომელთაც გაცილებით მსუბუქი დანაშაულები ჰქონდათ, შეკრებითობა არ მოუხსნეს. ამის შემდეგ ფოცხვერია დაიჭირა დღევანდელმა საგამოძიებო სისტემამ, მასთან ერთად ასევე 12 ადამიანი, სწორედ იმ საუბრების გამო, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ ციხიდან და ციხეში. სწორედ იმიტომ, რომ ისინი რეკავდნენ, სადღაც მათ უსმენდა სასამართლო გადაწყვეტილებით შესაბამისი სტრუქტურები, დადგინდა ეს კავშირები და 12 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სასჯელაქსრულების ყოფილი მინისტრი ასევე საუბრობს გუჯეჯიანზე, რომელიც ჩანაწერებში ფიგურირებს და აცხადებს, რომ იგი 2012 წლის არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილმა გაათავისუფლა.

სოზარ სუბარი სვამს კითხვას, თუ კრიმინალური ავტორიტეტი იყო, რატომ გაუშვა სააკაშვილმა, ხოლო თუ არ არის კრიმინალური ავტორიტეტი, რატომ გვატყუებს ეკა კვესიტაძე.

"კიდევ ერთი საინტერესო საკითხია გრიგორიანის თემა, რომელიც მე როდესაც გავხდი მინისტრი, დამხვდა ტუბერკულოზის დაწესებულებაში, ის ნამდვილად იყო გავლენიანი ადამიანი, რომელიც ქმნიდა პრობლემებს და გვთავაზობდა, რომ "ტუბში" იქნება სიწყნარე, თუ მე დამეყრდნობითო. ჩვენი პასუხი ის იყო, რომ გადავიყვანეთ მე-7 საპყრობილეში. მინდა გითხრათ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში რამდენიმე ათეული განცხადება არის შემოსული სახალხო დამცველიდან, უფლებადამცველებიდან, ადვოკატებიდან, რომ მისი უფლებები ირღვევა და ის უნდა იყოს ტუბერკულოზის დაწესებულებაში, რათა სათანადო მკურნალობა გაეწიოს. არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ არ მეგონა, ამ ტიპის ადამიანებს თუ ამდენი თანამგრძნობი ეყოლებოდა საქართველოში. რამდენიმე ზარი იყო, ძალიან ცნობილი ადამიანებისგან, თუმცა ჩვენი პასუხი იყო პრინციპული, რომ მისი ადგილი არის მე-7 დაწესებულებაში და იქ გაეწევა მკურნალობა. მთელი გადაცემა, ტყუილებზე იყო აგებული, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება იმას, აქვთ თუ არა კრიმინალებს გავლენა ციხის ადმინისტრაციაზე, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მისი მინისტრობის დროს ციხეში კადრები არაერთხელ გამოიცვალა და მხოლოდ მან 600-ზე მეტი ადამიანი გაუშვა იმის გამო, რომ ზოგიერთი მათგანი შემჩნეული იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს წამებაში, ან მაყურებლებთან და პატიმრებთან კავშირში.

"ამიტომ ღირსეულები რჩებიან, უღირსები მიდიან, სჭირდება გამოცდაც და დრო, იმის დადგენას, თუ ვინ არ შევა კორუფციაში, კავშირში კრიმინალებთან", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.