საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღის გახსნის ცერემონიას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი ნილ სკოტი, საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სიმონე ვოლკენი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა, ევროკავშირის დაფინანსებით, შიდა ქართლის გამყოფი ხაზის ტერიტორიაზე მდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ზამთრისთვის სამზადისისთვის საჭირო ღონისძიებები განახორციელა. მათ შორის იყო დვანის საბავშვო ბაღის აღდგენა. წყლის ჭების რეზერვუარებისა და სასმელი წყლების მიწოდების სისტემის დამონტაჟება კასპის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში.
როგორც ბაღის გახსნის ცერემონიალზე სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ეს არის პასუხი მავთულხლართებზე.
"ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართებზე. ჩვენ ტანკებით არ ვპასუხობთ. ჩვენ ვპასუხობთ ბაღებით, სკოლებით, რომ ყველამ დაინახოს, მათ შორის, ოსებმა დაინახონ, რა სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ევროკავშირი ზრუნავს საქართველოზე და ახორციელებს არაერთ პროექტს, მათ შორის გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
"მე აქ ვიყავი დაახლოებით ერთი წლის წინ. ცუდი ამინდი იყო, უჟმური დღე იყო, ყველა შეშფოთებული და ცოტა მოწყენილი იყო, ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო გამყოფ ხაზთან და მავთულხლართების გავლებასთან. კარგია, რომ დღეს ამ მხიარულ ზეიმში მონაწილეობის საშუალება გვაქვს, ყველამ იცის, რამდენად გული შესტკივა ევროკავშირს საქართველოზე. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ რაღაცები, რომ დავეხმაროთ, მათ შორის ამ ადგილზე, მაგალითად, ხელი შევუწყოთ გაზმომარაგებას ამ სოფლებში, მაგრამ არაფერი შეედრება ღიმილს ამ ბავშვების სახეებზე. იმედი მაქვს, რომ ეს ღიმილი მათ სახეზე დიდხანს დარჩება. ვინაიდან ეს ბავშვები შექმნიან თქვენს მომავალს და ეს მომავალი უკეთესი და ევროპული უნდა იყოს, - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
დვანის საბავშვო ბაღი 1988 წელს აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. საბავშვო ბაღი განსაკუთრებით 2008 წლის ომის დროს დაზიანდა.