"კვესიტაძე იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც მე საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებს დავარქმევდი"

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი "პირველ პრესკლუბში" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას და ამ თემაზე მომზადებულ ეკა კვესიტაძის გადაცემას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, ამით "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი წარსულის იმ ნაწილის გამართლებას ცდილობს, რომელიც ციხეს ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, დასადგენია ასევე თუ როდის და რა პირობებშია გაკეთებული ის ფარული აუდიო ჩანაწერები, რომელიც ეკა კვესიტაძემ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გამოიყენა.

"მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც, ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრს, ძნელად თუ შეეცვლება აზრი, რომ ეს მნიშვნელოვანწილად იმ სტრატეგიითაა განპირობებული, რომლის ნაწილსაც ეკა კვესიტაძე, ან თუნდაც მისი მეუღლე, გარკვეული მედიასაშუალებები წარომოადგენენ. არის ძირითადი მიმართულება და გუნდი, რომელსაც მე პირადად საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებს დავარქმევდი. რასაკვირველია, ციხეებში არსებული ვითარება ყოველთვის რთულია და კრიმინალური ავტორიტეტები, ასეთი მენტალიტეტის ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან, ყოველთვის ეცდებიან, რომ გარკვეული პოზიცია მოიპოვონ. თუმცა მთავარია, რამდენად ეფექტურად დაუპირისპირდება ხელისუფლება ამ პროცესს. "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევის აზრი თავისი წარსულის იმ ნაწილის გამართლებაა, რომელიც სწორედ ციხეებს ეხება. გვეუბნებიან, რომ სწორედაც ასე უნდა გვემართა ციხე, გაგვეუპატიურებინა, დაგვემცირებინა, რათა არ ყოფილიყო ის, რაც რაც კვესიტაძემ თავის გადაცემაში აჩვენა. თუმცა ასევე საინტერესოა როდის, რა პირობებშია ეს ჩანაწერები გაკეთებული, საერთოდ როგორ გამოვიდა, ან ვინ მოუყარა თავი ამ ჩანაწერებს? ეს ჯერჯერობით არავინ იცის და შესაბამისმა სტრუქტურებმა ეს საკითხი უნდა შეისწავლონ" - განაცხადა ვოლსკიმ "პირველ პრესკლუბში".

დეპუტატი ჩანაწერში არსებული ერთ-ერთი საუბრის შინაარსსაც შეეხო.

"ორი ადამიანი საუბრობს ისეთი ტერმინოლოგიით, როგორც ეს ალბათ, ციხეში მჯდომ ადამიანს უნდა ჰქონდეს, იმაზე თუ როგორ გადარჩნენ, კარგია, რომ რეჟიმი წავიდაო, რომელიც მათ ადამიანობას არაფრად აგდებდა. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი დამნაშავეა თუ არა, ან როგორი მენტალიტეტისაა, მას კანონიერად უნდა მოეპყრა, სახელმწიფო ამითაა ძლიერი", - განაცხადა ვოლსკიმ.