ბიძინა ივანიშვილი შუშის სასახლიდან ქურდული ტრადიციების დაცვით მართავს სახელმწიფოს

ბიძინა ივანიშვილი შუშის სასახლიდან ქურდული ტრადიციების დაცვით მართავს სახელმწიფოს

"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მთავრობას პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე გამოძიების დაწყებას სთხოვს. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მთავრობა წავიდა გარიგებაზე კრიმინალურ სამყაროსთან და ციხეებში კონტროლი მთლიანად ქურდებს გადააბარა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს დაიწყოს გამოძიება პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და უშუალოდ სოზარ სუბარის როლზე. ყველა პირს, ვინც შესაძლოა ჩართული იყოს აღნიშნულ დანაშაულში გამოძიების პერიოდში შეუჩერდეს უფლებამოსილება. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტში შექმნილ სიტუაციაზე პასუხების გასაცემად", - განაცხადა ნადირაშვილმა. 

მისი თქმით, საზოგადოებამ მოისმინა სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემას მთლიანად მართვენ კრიმინალური ავტორიტეტბი და არა სახელმწიფო. 
"დუმილის უფლება, რომელისაც უკვე მესამე დღეა იყენებს მთავრობა, მიუთითებს, რომ ჩანაწერები ავთენტურია, სასჯელაღსრულების სამინისტრო უუნარო და სიტუაცია საგანგაშოა. იმ ჩანაწერებიდან, რომელიც გაავრცელა ერთ-ერთმა ტელეარხმა, ირკვევა, რომ კრიმინალები მთავარ დასაყრდენად და იდეოლოგად მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილს. ეს ადამიანი, სოლოლაკის შუშის სასახლიდან სწორედ ქურდული ტრადიციების სრული დაცვით მართავს სახელმწიფოს. არ უჭირავს ოფიციალური თანამდებობა, ქურდული გარჩევებითაა დაკავებული პრეზიდენტთან და საკუთარ მთავრობასთან. საზოგადოებას კი მოუწოდებს გაგებით მოეკიდოს მკვლელობებს, ყაჩაღობებს, ძარცვა-დაუთოვებას", - განაცხადა ნადირაშვილმა. 

მისივე თქმით, ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტებისათვის კონტროლის გადაცემა იწვევს ძალადობის ესკალაციას, ამის დასტურია გასულ კვირას საეჭვო გარემოებებში 3 პატიმრის გარდაცვალება. 
"ციხის გარეთ კრიმინალურ ჯგუფებთან გარიგებები, გახსენებთ რემენას, ლავას ოღლის მაგალითებს, პროკურორის მანქანის დაწვას, ნამორაძის სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლებას, იწვევს დანაშაულის ზრდას, ძალადობას, რეკეტს, ქუჩის გარჩევებს, დაშინებებს. პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას და ჩამოშლას. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრებაზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე. უუნარო პრემიერ-მინისტრი, უსუსური და ქვეყნის სასაცილოდ ქცეული შინაგან საქმეთა მინისტრი 90 წლების კადრებით და რეიდებით ცდილობენ კრიმინალთან ბრძოლის იმიტაციას. პრობლემის დამალვა და უგუვებელყოფა, სტატისტიკის გაყალბება ამ მთავრობის საფირმო ნიშნად იქცა", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღმოეფხვრათ ციხეებში არსებული პრობლემები და შეექმნათ ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტეური მექანიზმი, მთავრობა წავიდა გარიგებაზე კრიმინალურ სამყაროსთან და ციხეებში კონტროლი მთლიანად გადააბარა ქურდებს.