სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გაიარეს ტრენინგი თევზისა და თევზის პროდუქტების ინსპექტირების საკითხებში. ტრენინგი ჩატარდა გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) პროექტის - „თევზისა და თევზის პროდუქტების საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სურსათის ეროვნული სააგენტოს გაძლიერება“ (TCP/GEO/3402) ფარგლებში, რომელსაც უძღვებოდნენ FAO-ს საერთაშორისო ექსპერტები.
თეორიული კურსის შემდეგ ჩატარდა ინსპექტირება თევზის გადამამუშავებელ საწარმო „მარშეში“.
თეორიული და პრაქტიკული კურსი დაეხმარება ინსპექტორებს, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დანერგონ თევზისა და თევზის პროდუქტების წარმოების ინსპექტირების პროცედურები.
პროექტის მიზანია თევზის ინსპექტირებისა და სერტიფიცირების სისტემის გაუმჯობესება; ქაფშიის, როგორც საქართველოს თევზჭერის სექტორში არსებული მთავარი სახეობის გადამამუშავებელი საწარმოებისა და მისი ღირებულებათა ჯაჭვის სრულყოფა.
FAO-ს პროექტი ასევე მოიცავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს თევზისა და თევზის პროდუქტების კვლევას და ლაბორატორიისათვის აკრედიტაციის მიღების ხელშეწყობას, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა.