როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის წარმომადგენელმა დოდო გვაზავამ განაცხადა, 24 სექტემბერს ტემპერატურა დაახლოებით, 5-6 გრადუსით დაიკლებს.
“დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა იყოს, თუმცა დასავლეთ საქართველოში დღეს ტემპერატურა +27 გრადუსამდე აიწევს, ხვალ უფრო მეტად, +32 გრადუსსაც კი ვვარაუდობთ. 24 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია კვლავ ტემპერატურის დაკლება დაახლოებით, 5-6 გრადუსით. დღისით უმეტეს რაიონში იწვიმებს. ზოგან შესაძლებელია, წვიმა იყოს ძლიერიც”, - განაცხადა გვაზავამ.
მისივე თქმით, სანაპირო რეგიონებში დასავლეთის ქარი გაძლიერდება, რაც ტალღების სიმაღლის მატებას გამოიწვევს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დოდო გვაზავას თქმით, ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით კი კახეთში, დღეს წვიმაა მოსალოდნელია, ჰაერის ტემპერატურა კი დღეს და ხვალ +25 გრადუსის ფარგლებში იქნება.
“24 სექტემბერს კი წვიმა, რომელსაც დასავლეთ საქართველოში ველოდებით, დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება. ტემპერატურა დასავლეთ რაიონებში და მათ შორის, თბილისში დაიკლებს. ასეთი ამინდი 25 სექტემბერსაც შენარჩუნდება. 26-დან კი ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით კვლავ მოიმატებს”, - განაცხადა გვაზავამ.