საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს განცხადებით, ახალი პაკეტი, რომელიც ქვეყანამ უელსის სამიტზე მიიღო , "ნამდვილად არ არის დამამშვიდებელი პრიზი". ამის შესახებ უილიამ ლაჰიუ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს შეკითხვაზე, ხომ არ არის უელსის სამიტის შეთანხმება ნატო-ს მორიგი ზრდილობიანი უარი MAP-ზე?
"სულაც არა. ეს პაკეტი ნამდვილად არ არის "დამამშვიდებელი" პრიზი. მართალია, ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი საქართველოსთვის MAP -ის მინიჭების თაობაზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს რთული გადაწყვეტილებაა, რომელიც ალიანსმა ერთხმად უნდა მიიღოს. თუ რომელიმე წევრი ქვეყანა თანახმა არ არის, გადაწყვეტილება არ მიიღება", - აცხადებს უილიამ ლაჰიუ.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს ხელთ აქვს ბერკეტები, რომლებიც არა აქვთ სხვა, მათ შორის დანარჩენ ასპირანტ ქვეყნებსაც კი: ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, "რომელიც იძლევა გარანტიას, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი".
"ნატო კვლავაც მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და სწორედ ამის დემონსტრირებაა ეს პაკეტიც, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით ნატოსთან ინტეგრაციაში დაეხმარება... საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ახალი პაკეტი გამიზნულია თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად", - აღნიშნავს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი.