უილიამ ლაჰიუ - თქვენ ყველაზე შორს ხართ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ, ნატო-ს წევრები გახდნენ

უილიამ ლაჰიუ - თქვენ ყველაზე შორს ხართ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ, ნატო-ს წევრები გახდნენ

საქართველო ყველაზე შორს არის იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ ნატო-ს წევრები გახდნენ; ბევრად ადვილი იქნებოდა, საქართველო ევროპის ცენტრში ყოფილიყო, ალიანსის წევრი ქვეყნებით გარშემორტყმული, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, უილიამ ლაჰიუ აცხადებს.

"შეხედეთ რეალობას: სად არის საქართველო, როგორია მისი გეოპოლიტიკური სიტუაცია? თქვენ ყველაზე შორს ხართ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ, ნატო-ს წევრები გახდნენ. თუმცა, თქვენს საზღვართან უკვე არის წევრი ქვეყანა, თურქეთი და ეს კარგია, რადგან ამით თქვენ ალიანსის გეოგრაფიულ მთლიანობას არ არღვევთ... თქვენ ყველაზე შორს ხართ. ისევ და ისევ რეალობას შეხედეთ: მაგალითად, ალბანეთის მეზობლებმა ბევრად მეტი იციან ალბანეთზე, ვიდრე - საქართველოზე. გაფართოების პროცესს წინ უნდა უძღოდეს ინფორმირებულობა და საქართველო აკეთებს ამას, მაგალითად, ISAF- ის მისიაში მონაწილეობით თქვენ წარმოდგენას უქმნით ნატოს წევრ ქვეყნებს, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს საქართველომ საერთო უსაფრთხოებაში, ერგებით თუ არა არსებულ სტანდარტებს. რა თქმა უნდა, ბევრად ადვილი იქნებოდა, ევროპის ცენტრში რომ ყოფილიყავით, გარშემორტყმული ქვეყნებით, რომლებიც უკვე არიან ალიანსის წევრები",-აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისი ხელმძღვანელმა. 

მისივე აზრით, არის სხვა პრობლემაც: ტერიტორიული კონფლიქტები როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებთან ახლოს.

"ვგულისხმობ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს. ეს კონფლიქტები, მიუხედავად იმისა, რომ არ გამორიცხავენ საქართველოში ნატოში გაწევრიანებას, დაბრკოლებას ქმნიან. ასევე საგულისხმოა საკითხი, თუ რა სტატუსი შეიძლება ჰქონდეთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხეთ ოსეთს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, როგორ მოერგება მათ ნატო-ს მეხუთე მუხლი და ა.შ.", - აცხადებს უილიამ ლაჰიუ.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, MAP-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ბევრის, მათ შორის მტკივნეული ცვლილებების გაძლება მოუწევს. 

"როდის მიენიჭება საქართველოს MAP-ი? უკვე ყველა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ უნდა შეთანხმდნენ MAP-ის გაცემის დროზეც, ეს კი ცალკე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა... თქვენი მთავრი საზრუნავი თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უნდა იყოს – რეფორმები, მშვიდობის უზრუნველყოფა, ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა. MAP-სკენ მიმავალ გზაზე ბევრის, მათ შორის მტკივნეული ცვლილებების გაძლება მოგიწევთ", - აღნიშნავს ის.