ბათუმში დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყალს ტუმბავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, გამოდარებისთანავე აჭარის რაიონების სახანძრო სამსახურები და თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადები მუშაობას შეუდგნენ. მისივე განმარტებით, ტბორები ძირითადად ე.წ ჭაობის დასახლებაში, ე.წ ხოფის ბაზრობის ტერიტორიასა და ბონის დასახლებაშია.
"უკვე აზრი აქვს ჩვენს მუშაობას, რადგან ამინდიც გამოვიდა და სარდაფიდან და ეზოებიდან რომ ვტუმბავთ წყალს, უკვე შესაძლებელია წყლის ქუჩაში გადაღვრა. გუშინ ქუჩებშიც წყალი იყო და აზრი არ ჰქონდა წყლის ამოტუმბვას. თბილისიდან ჩამოვიდნენ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები პომპებით და შესაბამისი აღჭურვილობით. ქედის, შუახევის სახანძრო სამსახურებიც მობილიზებული გვყავს და ვმუშაობთ ამოტუმბვით სამუშაოებზე", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
20-21 სექტემბერს ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები და რამდენიმე უბანი დაიტბორა. დატბორილი იყო სარდაფები და პირველი სართულები. პრობლემები შეექმნათ პირველ სართულზე განლაგებული კომერციული ფართების მეპატრონეენს. დაზიანდა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები.