მუსლიმანი მორწმუნეები 26 სექტემბერს მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ

მუსლიმანი მორწმუნეები 26 სექტემბერს მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ

მუსლიმანი მორწმუნეების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს აჭარის მთავრობის სახლის წინ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასა და ქობულეთში მედრესეს გახსნას ითხოვენ.

დღესვე აქციის რამდენიმე მონაწილე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსს რუსლან ქორიძესა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატ თემურ კახიძეს შეხვდნენ. შეხვედრიდან გამოსულმა მორწმუნეებმა განაცხადეს, რომ ქობულეთში სკოლა-პანსიონში 4 მოსწავლე იმყოფება და მათ საკვებით უზრუნველყოფა სჭირდებათ. ისინი მთავრობას უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვენ, რათა პანსიონში შესვლის დროს ადგილობრივებთან დაპირისპირება თავიდან იქნას აცილებული. შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი ჩარკვიანიც ესწრებოდა.

საპროტესტო აქციამდე მუსლიმანი მორწმუნეები ორთაჯამეში პარასკევის ტრადიციულ ლოცვას დაესწრნენ. დაბა ხულოს მეჩეთის იმამის ასლან აბაშიძის განცხადებით, 26 სექტემბერს აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.