"დაიცავი ,,თსუ" - აქცია ნარმანიას საყურადღებოდ

თსუ-ის სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან, გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. სტუდენტები დედაქალაქის მერიას მიმართავენ და სასწავლებლის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებულ ტერიტორიებზე დაწყებული მშენებლობის სასწრაფოდ შეწყვეტას მოითხოვენ. მათი თქმით, იმგვარი ობიექტების მშენებობა, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო საუნივერსიტეტო პროცესთან და ხელს შეუშლის საუნივერსიტეტო სივრცის სამომავლო განვითარებას.აღნიშნული მოთხოვნით სტუდენტები მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავენ. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე "დაიცავი ,,თსუ" !!!" გავრცელდა. აქცია 23 სექტემბერს 16:00 სააათზე გაიმართება.

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი ქონების გასხვისებამ და უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებთან შეუფერებელი საქმიანობის წამოწყებამ, სუბედუროდ, ტრადიციული სახე მიიღო. ამჯერად პრობლემა ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ორი სასწავლო კორპუსის გარდა, განთავსებულია ბიბლიოთეკა და უახლოეს პერიოდში სტუდენტთა და მეცნიერთა სახლის აშენება იგეგმება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავმოყრის ადგილას გაზგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფას, აფერხებს საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების შესაძლო პროექტებს, ასევე იგნორირებულია უახლოეს წარსულში გამოცხადებული არაერთი საინტერესო ინიციატივა, მათ შორის ახალგაზრდული ცენტრის, კვების ობიექტების მშენებლობაზე, რაც სტუდენტობისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურებმა ეს ინიციატივა შეცვალეს და დღეს სახეზე გვაქვს ავტოტრანსპორტისთვის გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება.მშენებლობაზე ნებართბა გაცემულია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ, ამიტომ აქცია გაიმართება თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჩვენ, თსუ-ის სტუდენტები, მშვიდობიანი პროტესტით 23 სექტემბერს 16:00 სააათზე, ქალაქ თბილისის მერიისაგან მოვითხოვთ, რომ სასწავლებლის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებულ ტერიტორიებზე სასწრაფოდ შეწყდეს იმგვარი ობიექტების მშენებობა, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო საუნივერსიტეტო პროცესთან და ხელს შეუშლის საუნივერსიტეტო სივრცის სამომავლო განვითარებას. როგორც ხელისუფლება თავის პროგრამებში სახავს, განათლება მთავრობის პრიორიტეტია, სახეზე კი საწინააღმდეგო ქმედებები გვაქვს, ჩვენ ვითხოვთ: ნუ შეეწირება სტუდენტების ინტერესი, კერძო და საზოგადოებისთვის მიუღებელ ბიზნესინტერესებს.ამასთანავე, მოვუწოდებთ ქალაქის მთავრობას, რომ მომავალშიც სასწავლებლის მიმდებარედ მხოლოდ სტუდენტებისა და ლექტორებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას შეეწყოს ხელი. "ნუ იქნები გულგირილი, იყავი სოლიდარული და შემოგვიერთდი !!!,"-ნათქვამია წერილში.