საქართველოს პრეზიდენტმა სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად დღეს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პატარებს სასახლე დაათვალიერებინეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ქვეყნის პირველმა პირმა სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს საჩუქრებიც გადასცა. გიორგი მარგველაშვილი ფონდის მესვეურებსა და მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ყურადღება მსგავსი აქციების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საჩუქარი დღეს სახელმწიფოს მეთაურმაც მიიღო - პატარებმა მას საკუთარი ნახატი უსახსოვრეს.   

„ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ინიციატივით, დღეს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერი ფესტივალი "LIFEFEST" გაიხსნა.

დღესვე ბავშვები „სამების" საკათედროს ტაძარში იმყოფებოდნენ, პატარები სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა დალოცა, რის შემდეგაც მათ პრეზიდენტმა უმასპინძლა.