საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია და უპირველეს ყოვლისა უნდა აღიაროს და ადიდოს შობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. უწმინდესის თქმით, საუკუნეების განმავლობაში ღვთისმშობელი საქართველოს, რომელიც მისი წილხვედრი ქვეყანაა, იცავს ხილული და უხილავი მტრებისგან. პატრიარქის განცხადებით, ის ლოცვა, რომელიც იყო დღეს, 12:00 საათზე ერთობლივად წაკითხული, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი სულიერი ძალის მიმცემია. მან მრევლს მიმართა, ღვთისმშობლისადმი ლოცვა მთელი დღის განმავლობაში იმეორონ.
უწმინდესის თქმით, ღვთისმშობლის სასწაულებრივი მოქმედება დღესაც ძლიერია. მან თავისი ბავშვობის ისტორიაც მოყვა, რომელიც დედას შეემთხვა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, დედამისი უშუალოდ გახდა ღვთისმშობლის სასწაულის მხილველი.
"მე მახსენდება ჩემი ბავშვობა. ბავშვობაში ჩვენ დავდიოდით წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში, ვლადიკავკაზში. იქ არის საფლავი წმინდა ანასტასიასი. ერთ კვირა დღეს, ჩვენ წავედით ტაძარში. შუა წირვის დროს დედაჩემი გამოვიდა ტაძრიდან, ჩვენ დაგვტოვა ეკლესიაში და წმინდა ანასტასიას საფლავთან მივიდა. იქ იდგა 16 ადამიანი და ტიროდა. დედაჩემს უკვირდა რატომ ტიროდა ყველა და ჰკითხა მათ. ისინი კი ასევე შეეკითხნენ ვერაფერი დაინახეო? შემდეგ კი უთხრეს, რომ პირჯვარი გადაეწერა და მუხლებზე დამდგარიყო. დადგა მუხლებზე დედაჩემი, გადაიწერა პირჯვარი და დაინახა, რომ საფლავზე დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვრით ხელში. დაიწყო ტირილი დედაჩემმა და დაიხარა, რომ ფეხებზე მთხვეოდა, თუმცა გაქრა ღვთისმშობელი, შემდეგ კი ისევ გამოჩნდა. ეს იყო დღე, წირვის დროს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა აჩვენა ხალხს, რომ ის მფარველობდა იმ ქალაქს, ვლადიკავკაზს", - ბრძანა პატრიარქმა.
დღესვე უწმინდესმა მღვდელ-მონაზონი პეტრე წულაძე და მღვდელმონაზონი ნიკოლოზ ჯაფარიძე დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აიყვანა. პატრიარქმა, ბავშვთა სოლიდურ სიმსივნესთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ბავშვებიც დალოცა. ასევე დალოცა, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდი, რომელმაც მოსკოვში პრემიერლიგის ჩემპიონობა მოიპოვა.