ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ბათუმში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, რის შედეგადაც ავტოსადგურის ტერიტორია, მაიაკოვსკის, სულაბერიძის, თავდადებულის, ბაგრატიონისა და ე.წ "ჭაობის" დასახლების ცალკეული უბნები დაიტბორა.

დაგუბებული წყალი ბონის ბაზრობის სასურსათო და პუშკინის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზიებში შევიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ქუჩებში ინტენსიური მოძრაობა არ არის და უხვი ნალექის შედეგად საცობები არ შექმნილა, თუმცა მსუბუქი ავტომობილებისთვის დატბორილ ტერიტორიაზე გადაადგილება გართულებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, სულ 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა და დახმარებას ძირითადად, ე.წ "ჭაობის" უბნებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვდა.

მისივე თქმით, ძლიერი შტორმის მიუხედავად ბულვარის საფეხმავლო ბილიკებზე ზღვას ქვიშა არ გამოურიყავს. გვიან საღამოს, ბათუმის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია ერთი საათით შეუწყდა. "ენერგო-პრო ჯორგიას" განცხადებით, შუქის გამორთვის მიზეზი უამინდობის გამო ქვესადგურის დაზიანება იყო.