“რუსთავი 2”-ის ეთერში ამსტერდამიდან პირდაპირი ჩართვისას სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის, პირადად მისი და ოჯახისთვის ქონების დაყადაღების ფაქტს გამოეხმაურა
ყოფილმა პირველმა ლედიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბარნოვზე ბინა მას მამამისმა აჩუქა. ასევე მიხეილ სააკაშვილის დედისა და ბებიის ბინები დიდი ხნის წინ შეძენილია და თაობებიდან თაობებს გადაეცემოდა.
“ამ წელი სიკეთის მეტი რა გვიკეთებია?! ახლა როცა მინდა, რომ თბილისში დავბრუნდე და სიკეთის კეთება გავაგრძელო, ამის საშუალებას უკვე აღარ მაძლევენ. სკოლა ერთი კვირაა, რაც დაიწყო, ჯერ ისეთი არაფერი. ჯერ არ არის აუქციონზე გაყიდული, ალბათ, ამის შესახებ მერე გავიგებთ, მაგრამ ეს ფაქტი, რომ ჩვენს ქონებასთან მიმართებაში, რაღაც მოძრაობა მიმდინარეობს, უკვე ნიშნავს, რომ იქ შევალ და ერთ მშვენიერ დღეს, ვიღაცა მოვა და გვეტყვის, რომ უნდა გავიდე. ასეთი ტრამვა არც ჩემმა შვილმა და არც პირადად მე, არ მინდა, რომ განვიცადო. 10 კი არა, თითქმის 20 წელია, 18 წელია, საქართველოში ვარ და ასეთი რამე დავიმსახურე? - უბრალო ჩვეულებრივი კითხვა. ეს ძალიან ემოციებთანაა კავშირში. მე ყოველთვის ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ და მგონია, რომ ეს გაუგებრობა გაირკვევა. რომ არის გზა უკან და გვაძლევენ საშუალებას, რომ მშვიდად ვიცხოვროთ და საქართველოსთვის სიკეთის კეთება გავაგრძელოთ, რაც 10-15 და მეტი წელია, გაგვიკეთებია. ამის იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს შესაძლებელია”, - განაცხადა რულოვსმა.
ამასთან, სანდრა რულოვსი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან წასვლა დროებითი მოვლენაა.
“როცა გყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც სკოლაში დადის. თავისი სოციუმი აქვს, რითმი აქვს, მეგობრები ჰყავს. ერთი ან ორი წლით სხვა ქვეყანაში ცხოვრებით ეს არ უნდა შეწყვიტოს. ეს იყო ჩემი პრინციპი”, - განაცხადა რულოვსმა.
მისივე თქმით, მტრობა მას არ უგრძვნია, პოლიტიკა პოლიტიკაა, თუმცა ის მშვენიერი საშუალებაა იმის გასარკვევად, თუ ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ – მედროვე.
“ჩემი დასკვნა, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა ყოფილიყო, გავაკეთე და ვინც დარჩა მეგობრად და ახლობლად, მათ შორის, ჩვეულებრივი ხალხი, მშვენიერი დამოკიდებულება აქვთ და მე საქართველოში მშვენივრად ვგრძნობდი თავს აქამდე”, - განაცხადა რულოვსმა.
ამასთან, ყოფილ პირველ ლედის სურს, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება, კვლავ საქართველოს მოახმაროს.
“რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რომ სირთულეები კვლავ წინ გვაქვს. მეგონა, რომ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ ქვეყნისთვის. სახეზეა ცვლილებები საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობის შედეგად. მეც ვამაყობ იმით, რაც ჩემი მხრიდან გამიკეთებია გინდა კულტურაში, ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში. ფონდები მოგვიზიდია და ბევრი მეგობარი შეგვიძენია. ახლა ვფიქრობდით, რომ ამოვისუნთქებთ, მე სწავლა დავიწე, ჯანდაცვის პოლიტიკაში მაგისტრატურას ავიღებ და მინდა, რომ ეს ცოდნა ისევ საქართველოს მოხმარდეს. ჯანდაცვის სფეროში უკეთესი რეფორმები გატარდეს, რაც გაგვიკეთებია. იყო პირველი ნაბიჯი, თუმცა ბევრი დარჩა”, - განაცხადა რულოვსმა.