ფინანსთა სამინისტროს ყოფილ შენობასთან აქცია მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს ყოფილ შენობასთან აქცია მიმდინარეობს

ვაკეში, აბაშიძის 70 ნომერში, ფინანსთა სამინისტროს ყოფილ შენობასთან აქცია მიმდინარეობს. მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლები ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას და ხეების უკანონო გაჩეხვას აპროტესტებენ. 

მათი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობა ვერა ქობალიას მინისტრობის დროს სამშენებლო კომპანია "ჯი-დი-ჯი"-ზე გასხვისდა. 

როგორც მოსახლეობა აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე 21-სართულიანი, მრავალფუნქციური კორპუსი შენდება. მათივე თქმით, ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ იგივე კომპანია მათი კორპუსის სიახლოვეს კიდევ ერთ, 17-მეტრიან ობიექტს ააშენებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, აბაშიძის #68-ში მცხოვრებმა ნინო ხარაზიშვილმა აღნიშნა, ობიექტზე სამშენებლო პროექტის ბანერი გამოტანილი არ არის და დაზუსტებით უცნობია, თუ რა შენდება მათ სიახლოვეს. თუმცა, როგორც მოსახლეობა აცხადებს, სამშენებლო პროცესიდან გამომდინარე, მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ხმაურია. მათივე თქმით, ქვის დამუშავების პროცესში სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მტვერი გამოიყოფა და მშენებლობა ყოველგვარი დამცავი ბადეების გარეშე მიმდინარეობს.

მოსახლეობა შიშობს, რომ საფრთხე ექმნება მათ საცხოვრებელ ბინებს, რადგან ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სახანძრო ბრიგადები ეზოში შესვლასა და კიბის გაშლას ვერ მოახერხებენ. 
"მთელი ცხოვრება ყრუ კედლის ყურება მოგვიწევს", - აღნიშნა ნინო ხარაზიშვილმა. 

ამასთან, როგორც მოსახლეობა ამბობს, კანალიზაცია და წყალმომარაგება ობიექტის აშენების შემდეგ მოსალოდნელ დატვირთვას ვერ გაუძლებს. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.