თბილისში, პარლამენტში დღეს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომისიის წარმომადგენელმა , ლაშა ტუღუშმა განუცხადა, სხდომაზე იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ფარულ საგამოძიებო მოსმენებთან დაკავშირებით კონტროლი.
"დღევანდელ სხდომაზეც კვლავ ვიმსჯელებთ კონტროლის მექანიზმების თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით კონტროლი, ძირითადად ეს ეხება მოსმენებს. ეს არის ბოლო შეხვედრა, ვიდრე თბილისში საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ და მალე გაიმართება კონფერენცია, რომელიც სწორედ ამას მიეძღვნება. მოგეხსენებათ, არის განსხვავებული შეხედულებები, რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა ჩვენ, ავტორები კვლავ ვართ იმ პოზიციაზე, რომ კონტროლი უნდა განხორციელდეს იმ მოდელით, რაც არის მიღებული განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში, არის ამის საპირისპირო პოზიცია, ამიტომ მიმდინარეობს მსჯელობა", - განაცხადა ტუღუშმა.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ხელმძღვანელობს.