რეგიონის ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, მეტიც, მათ სჭირდებათ ასეთი ურთიერთობა რეგიონის ყველაზე დიდ და ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
რუბინის განცხადებით, საქართველოს მთავრობას არჩეული აქვს ძალიან გონივრული, პრაგმატული მიდგომა და საერთო ჯამში, "შესაძლოა, არის რაღაც გაუმჯობესება, მაგრამ ბურთი რუსეთის მოედანზეა". რუბინი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა უპასუხოს საქართველოს და მეტ პროგრესს შეუწყოს ხელი.
"ჩვენი შესაფასებელი არ არის საქართველოს მთავრობის მოქმედება. დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ ეს თემა არ არის "თამაში ნულოვანი შედეგით", რომ რეგიონის ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ კარგი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. მეტიც, მათ სჭირდებათ ასეთი ურთიერთობა რეგიონის ყველაზე დიდ და ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან. საკამათო საერთოდ არ არის, საჭიროა თუ არა ამგვარი ურთიერთობა ვაჭრობისა და ინვესტიციების თვალსაზრისით. ამავე დროს, ჩვენ ყოველთვის ძალიან კრიტიკულად ვაფასებდით საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკას და ასე გაგრძელდება, სანამ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, სანამ რუსეთის ჯარი უნებართვოდ დგას საქართველოს ტერიტორიაზე, სანამ რუსეთი საზღვრებს ავლებს ადმინისტრაციულ ხაზზე და ცხოვრებას ურთულებს იქ მცხოვრებ მოქალაქეებს. ვხედავთ ურთიერთობის გარკვეულ გაუმჯობესებას და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ", -განაცხადა რუბინმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ბევრს ეცადა, პრაგმატული მიდგომით მიეღწია შედეგისათვის, რასაც ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.
"როდესაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდა, ვფიქრობდით, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები მოწესრიგდებოდა. ჯერ არ ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ, მაგრამ სახეზეა გარკვეული გაუმჯობესება. ვფიქრობთ, საქართველოს მთავრობა ბევრს ეცადა, პრაგმატული მიდგომით მიეღწია შედეგისათვის, რასაც ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. ამავე დროს, მან გარკვევით განაცხადა, რომ სურს, ურთიერთობა აღადგინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და იქ მცხოვრებ მოქალაქეებთან და ხელი შეუწყოს ხალხთა შორის კავშირებს", - განაცხადა რუბინმა.
სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა რომ 2008 წლის გაკვეთილები ჯერ კიდევ შესასწავლია.
"იმხანად მტკიცედ მიგვაჩნდა, რომ ერთი საკითხი, რომელზეც აუცილებლად ხმამაღლა უნდა გველაპარაკა, იყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია - ამ ტერიტორიების უმეტესი ნაწილი, ფაქტობრივად, 20 წლის ოკუპირებული იყო - არამედ უნდა გველაპარაკა რეგიონის ინტენსიურ მილიტარიზაციაზე საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ და რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ ორი ტერიტორიის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარებაზე, რომელსაც ჩვენ არა მხოლოდ კატეგორიულად არ დავეთანხმეთ, არამედ აქტიურად ვიმუშავეთ, რათა არც სხვა ქვეყნებს ეღიარებინათ ისინი. ერთი გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ, ის არის, რომ აუცილებელია საერთაშორისო კანონმდებლობის მტკიცედ დაცვა, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, გაეროს ქარტიის, ჰელსინკის აქტისა და ყველა სხვა დოკუმენტის დაცვა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენ გლობალურ სისტემას. აუცილებელია კანონის უზენაესობაზე დამყარებული საერთაშორისო სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება", - განაცხადა რუბინმა.