პრეზიდენტი - აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე სააკაშვილის ქონების დაყადაღება

პრეზიდენტი - აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე სააკაშვილის ქონების დაყადაღება "პოლიტიკურად ძალიან რთულად ჩანს"

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღება "პოლიტიკურად ძალიან რთულად ჩანს", - ამის შესახებ მარგველაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა და განმარტა, რომ სურდა, ვაშინგტონში ქართულ დელეგაციას "უკეთესი ფონი ჰქონოდა".

"სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ერთი კვირის წინ არის გაკეთებული მძაფრი განცხადება, რომელსაც პირადად მე ყურადღებით მოვუსმინე და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეიდან ერთი კვირის მერე პრემიერი ღარიბაშვილი მიდის აშშ-ში. დღეს არის გადაწყვეტილება პროკურატურისა, მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღების შესახებ. ეს პოლიტიკურად ძალიან რთულად ჩანს. იურიდიულ პროცედურებში არ ვერევი, პროკურატურის კომპეტენციაში არ ვერევი და არც მაქვს არანაირი საზედამხედველო უფლება, მაგრამ ვფიქრობ, საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით ბატონ ირაკლის არ შეუქმნეს მაინც და მაინც კარგი ფონი. იმედი მაქვს, პრობლემა არ იქნება და ჩვენ შევძლებთ იქ, პოლიტიკური ნაბიჯების წინ გადადგმას, უბრალოდ მე მინდოდა, რომ უკეთესი ფონი ჰქონოდა ჩვენს დელეგაციას ვაშინგტონში", - განაცხადა მარგველაშვილმა.