ჩვენ არ გვინდა საქართველო, სადაც მეგობარს პოლიტსაბჭოები აგვირჩევენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რითაც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსან თემურ იაკობაშვილთან მისი ურთიერთობების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
"თემურ იაკობაშვილის თემა ძალიან მარტივია. ისაა ჩემი მეგობარი, ერთ ეზოში ვცხოვრობთ, მას მანამდე ვიცნობდი, სანამ "ნაციონალური მოძრაობა" შეიქმნებოდა. თემურ იაკობაშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" მინისტრი, მე ვიყავი ოპოზიციაში, მაგრამ მას არ შეშინებია ჩემთან ურთიერთობის. ასეთი ვითარებაც ყოფილა: თემურ იაკობაშვილის სახლიდან გავსულვარ, მივსულვარ ეთერში, გამიკრიტიკებია "ნაციონალური მოძრაობა", მერე უკან დავბრუნებულვარ მის ოჯახში და გვიჩხუბია იმასთან დაკავშირებით, რაც ვილაპარაკე, მაგრამ ამ კაცს არ შეშინებია, რომ ოპოზიციონერი სახლში მიეღო. ჩვენ ვართ სტუმარ-მასპინძლის დამწერი ერი. არ შეიძლება მივიღოთ ისეთი საქართველო, სადაც მე არ მოვიკითხავ თემურს, არ მოვიკითხავ მის ოჯახს და არ მექნება ისევ მეგობრული ურთიერთობა. თუ ჩვენ ისეთი საქართველო გვინდა, სადაც პოლიტსაბჭოები აგვირჩევს მეგობრებს, პოლიტსაბჭო დაასკვნის, რომ ეს მეგობარი ცუდია და ამ მეგობარს გავაკრიტიკებთ? - მე არ მგონია, რომ ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ სხვანაირი საქართველო გვქონდეს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის არ დაკარგავს იმ ძირითად ღირებულებებს, რაც ოჯახმა მისცა. "თემური იყო "ნაციონალურ მოძრაობაში", მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო დავკარგავ იმ ძირითად ღირებულებებს, რომელიც მომცა ოჯახმა, მშობლებმა და გადავეკიდები პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს, რომლებიც მე არ გადამეკიდნენ იმ დროს, როცა იყო "ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.