ექსპრეზიდენტის განცხადებით, მას არანაირი დანაზოგი არ აქვს და არ იცის, რა ანგარიშები დაუყადაღეს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რაც ჰქონდა და რაც მოიპოვა პატიოსანი შრომით საქართველოში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩადო.
“საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ჩემი საკუთრება არაა, რა თქმა უნდა, ესენი ისეთი ბანდიტები არიან, რომ შეიძლება საზოგადოებრივ ორგანიზაციას ის წაართვან, მაგრამ ფაქტია მე მას ვერც გავყიდი და ვერც ვიყიდი. მიმდინარე ანგარიშები არ მაქვს, ჩემი მიმდინარე შემოსავლებია ის, რასაც ვიღებ ლექციებით და ბევრგან მიწვევენ ნამდვილად, ხშირად გადაადგილების ხარჯებსაც ფარავენ. რაც მაქვს შემოსავალი, იმას ყოველდღიურად ვხარჯავ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ შეიძინა ყვარელში მიწის ნაკვეთი და ააშენა სახლი.
“ყვარელის სახლი იქიდან გაჩნდა, რომ ყვარელი ავაშენეთ თავიდან. ისე მომეწონა გაკეთებული, რომ გადავწვიტე მიწის ყიდვა. შემომთავაზა გამგეობამ სახელმწიფო მიწები, ტბის თავზე და ტყესთან ახლოს, რაზეც ვთქვი უარი და მოვიყვანე ინვესტორები, ავაშენებინეთ ერთმანეთზე უკეთესი სასტუმროები. მე კი ვიყიდე ჩვეულებრივი მიწის ნაკვეთები. მთელი ჩემი ხელფასი თითქმის ამაზე დავხარჯე”, – განაცხადა სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას.