“მებრძოლებისთვის ქონების ჩამორთმევა კადიროვის მიერ დამკვიდეებული პრაქტიკაა”

“მებრძოლებისთვის ქონების ჩამორთმევა კადიროვის მიერ დამკვიდეებული პრაქტიკაა”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის რაზეც პროკურატურა საუბრობს, კანონის ჩარჩოებში არ ჯდება.

როგორც სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, თავდაპირველად მის მიერ 19 მილიარდის გაფლანგვაზე იყო საუბარი, თუმცა შემდეგ ეს ციფრი 8 მილიონამდე ჩამოვიდა. გაფლანგვაში კი ქვეყანაში უცხოური დელეგაციების და საქართველოს დელეგაციის ვიზიტებზე გაწეულ ხარჯებს გულისხმობენ.

“მებრძოლებისთვის ქონების ჩამორთმევა კადიროვის მიერ დამკვიდეებული პრაქტიკაა. როცა ჩეჩენი მებრძოლები გადიან ტყეში, კადიროვი მათ ქონებას ართმევს. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნის საქართველოში, სადაც შევქმენით სახელმწიფოებრიობა, ინსტიტუტები, რომელიც მუშაობდა, კანონები, რომლებიც ასეთ რამეს საერთოდ გამორიცხავენ, კანონის ჩარჩოებში საერთოდ არ ჩამჯდარა ის, რაზეც ვლაპარაკობთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მეუღლე სანდრა რუსლოვსი და შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების საშიშროების წინაშე ყოველდღიურად არიან.

“ბინა, რომელიც ბარნოვზე მდებარეობს, სანდრამ გაყო და გადააქცია თავისი საქველმოქმედო ორგანიზაცია “სოკოს” ოფისად. ჩვენს ბინაში ათასობით გაჭირვებული საქართველოს მოქალაქეა ნამყოფი. ამ ბინაში გაიცა ასობით ათასი ლარის, თუ მილიონის არა დახმარება. ამას ჩვენ ვაკეთებდით, როცა სანდრას და ჩემს დეპუტატის მინიმალურ ხელფასზე ვცხოვრობდით. ბებიაჩემი მზია წერეთელი პეკინზე ცხოვრობს, სადაც გავიზარდე იმ ბინაში დედაჩემთან ერთად. ის 1937 წელს ზუსტად ასევე გამოაგდეს სახლიდან კომუნისტებმა, იმიტომ, რომ იყო ინტელიგენციის ოჯახიდან. მე მეგონა, რომ ეს წარსულში იყო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას.