კომპანია "დაბი ჯგუფის" წარმომადგენლები საქართველოში წყლის რესურსებითა და ჰესების მშენებლობითაც დაინტერესდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
"დაბი ჯგუფი" აპირებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას. "იმელის" ყოფილ შენობაში იქნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. მათი თქმით, შვიდვარსკვლავიანი ინტეგრირებული კაზინო, თანამედროვე, დაახლოებით ლასვეგასის ტიპის კაზინოზეა საუბარი, ასევე, სავაჭრო ცენტრი გაკეთდება. ეს არის უნიკალური პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც. ისინი გეგმავენ ინვესტიციების განხორციელების გაგრძელებას სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან დაინტერსდნენ, კერძოდ, წყლის რესურსებით. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე საუბარი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს ნავთობი, მაგრამ აქვს უფრო ძვირფასი - წყალი და ამ რესურსის გამოყენება ძალიან ეფექტურად დაიწყეს. "წყლის რესურსების გამოყენება ჩვენ დავიწყეთ ძალიან ეფექტურად. საქართველოს აქვს საკმარისად მეტი წყლის რესურსი, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიყენებდით. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს უფრო ძვირფასი, ვიდრე ნავთობი - ეს არის წყალი, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება სათანადოდ და გონივრულად გამოყენება. სწორედ ამის თაობაზე მქონდა მე საუბარი. ჩემი ვიზიტის ძირითადი მიზანი და მიზეზი ეს იყო. მათ გამოხატეს ინტერესი ჰესებზე, წყალი უკვე ვახსენე. ყველანი აღნიშნავენ, რომ საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიზნესგარემო არის აბსოლუტურად შეცვლილი. ჩვენ ვართ მეგობრულად განწყობილი ბიზნესმენებისადმი. არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა მათი ქონების ხელყოფის და მათი უფლებების დარღვევის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ რეალურად ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღნიშნული კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში გააკეთა, სადაც სასათბურე მეურნეობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.