ღარიბაშვილი სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

ღარიბაშვილი სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 20 სექტემბერს, აზერბაიჯანში, ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ მთავრობის მეთაური ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრს ესტუმრება, სადაც დაგეგმილია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და დელეგაციების ხელმძღვანელების სიტყვით გამოსვლები.

მოგვიანებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, დელეგაციების პირველ პირებთან ერთად სანგაჩალის ტერმინალზე გაემგზავრება, სადაც ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართება.

ცერემონიის დასასრულს მაღალი რანგის სტუმრებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან - ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი.