წარმოების განვითარება არის ჩვენი გზა ეკონომიკის აღმავლობისათვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში , სასათბურე მეურნეობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ეს არის ერთადერთი საშუალება მოსახლეობის დასაქმებისა და კეთილდღეობისთვის.
"უმუშევრობა და სიღარიბე არის ჩვენი უპირველესი მტერი, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ რაც შეიძლება სწრაფად. ამის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ქვეყნის წინაშე მდგარი ვერც ერთი სხვა პრობლემის დაძლევას. მე ვისურვებდი, რომ სულ მალე არა მარტო 30 პროცენტით ჩავანაცვლოთ იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, არამედ თავად გავხდეთ ექსპორტიორი ქვეყანა, განსაკუთრებით კი ისეთი მაღალი ხარისხის მქონე პროდუქციისა, რომლის გატანასაც შევძლებთ ევროპის 500-მილიონიან ბაზარზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფორმალურად ეს საკითხი უკვე მოგვარდა ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებით. "ახლა ჩვენ უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივიღოთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.