“პირველ პრესკლუბში” სტუმრობისას ნოშრევან ნამორაძის მეუღლემ განაცხადა, რომ თუ ლაურა ღაჭავა ნამორაძის ნარკომოვაჭრეობის შესახებ მასალას არ დადებს, მას სასამართლოს გზით ბოდიშის მოხდა მოუწევს.
მისი თქმით, დღეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაურეკა, რომელმაც სთხოვა კომენტარი ლაურა ღაჭავას განცხადებაზე, თითქოს ერეკლე კოდუამ ნოშრევან ნამორაძე იმიტომ დაიჭირა, რომ ის ნარკოვაჭარი იყო.
ნინო სუთიძის თქმით, თუ მისი მეუღლე ნარკოვაჭარი იყო, ერეკლე კოდუას ამის დამამტკიცებელი ოპერატიული მასალა უნდა გააჩნდეს.
“მივმართავ ლაურა ღაჭავას, რომ თუ არ დადებს მასალას მისი ე.წ. გენერალი შვილი ერეკლე კოდუა, რომ ნოშრევან ნამორაძე ნარკოტიკს ყიდდა, სასამართლოს წესით აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა, მინიმუმ ბოდიშის მოხდა. ხომ იყო მისი შვილი გენერალი. ძალიან ძლიერი ოპერატიული მუშაკი, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნოშიკოს ნარკოვაჭრობის ამსახველი მასალა. მე მოვითხოვ, დადოს ეს მასალა”, - განაცხადა სუთიძემ
გარდა ამისა, ნინო სუთიძემ ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართა, რომ სპეკულაციებსა და ტყუილებს თავი გაანებოს. მისი თქმით, ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნოშრევან ნამორაძე გიორგი კვირიკაშვილის ახლობელია, აღნიშნულს ნინო სუთიძე უარყოფს.
“არც ჭიკაიძესთან გვაკავშირებს არანაირი ნაცნობობა. ამის დამადასტურებელიც დადოს, გარდა იმისა, რომ საპატრიარქოში ჩვენს გარდა 150 ჩვეულებრივი მოქალაქე იყო სტუმრად. დაანებოს ამ მინისტრებს თავი. გვესმის, რომ ძალიან მტკივნეულია, ცუდად ხდებიან, როცა ახალ მთავრობას უყურებენ, მაგრამ შეეგუონ, რადგან სამუდამო არაფერია. ასევე ხდებოდნენ მოქალაქეები, როცა მის ე.წ. გენერალს უყურებდნენ, მაშინ რაც უქნა ხალხს მისმა ქმარმა და მერე რომ გამოდის და “ბულოვკა”, “ტუფლი” - რა ენაზე ლაპარაკობს, რომ ვერ გააგებინა საზოგადოებას, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ სპეკულაციებს თავი დაანებოს ”, - განაცხადა სუთიძემ.
“არ გყავს მინისტრები ნაცნობები, არ ვიცნობთ სამწუხაროდ, თუმცა მოხარული ვიქნებოდი, რომ მეგობრული ურთიერთობა მქონდეს. ძალიან პატივს ვცემ ყველას. საერთოდ ამ მთავრობას პატივს ვცემ, რადგან ეგენი მოგვაშორეს”, - დასძინა სუთიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ნოშრევან ნამორაძე სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ნამორაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა