შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, რომელზეც იუსტიციის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად იმუშავა.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პაკეტის მომზადებაში ასევე ჩართული იყვნენ აგრარული სექტორის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირებიც. მინისტრის განმარტებით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწებს უცხოეთში დაფუძნებული იურიდიული პირი ან კომპანია ვეღარ შეიძენს.
“სასოფლო მიწების გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც ის საქართველოში იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება, შეზღუდვა ვრცელდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში. სამაგიეროდ უცხოელი, რომელიც მემკვიდრობით მიიღებს სასოფლო მიწას, მისი მესაკუთრე შეიძლება გახდეს, რაც ბევრ ჩვენს თანამემამულეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა და ითვლება უცხოელად, საშუალებას მისცემს მისი წინაპრების მიერ მემკვიდრეობით დატოვებული სასოფლო სამეურნეო მიწები საკუთრებაში მიიღონ”, - განაცხადა წულუკიანმა.
ცვლილებების თანახმად, შერეული ქორწინების შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სასოფლო-სამეურნეო მიწა შესაძლებელია მეუღლეთა თანასაკუთრებაში შეუძლება იყოს. განქორწინების შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქეს უპირატესობა ენიჭება, შესყიდვის წესითYყოფილი მეუღლის ქონებას დაეუფლოს. უცხოელ მეუღლეს კი სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწის გასხვისების ვალდებულება ეკისრება.
“ფიზიკურ პირებს, უცხოელებს და იმ კომპანიებს, რომლებიც დაფუძნდებიან საქართველოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები გახდნენ მხოლოდ შემდეგი წესების დაცვით: თუკი მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, მას პარალელურად უნდა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება. ძლიერდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი, რათა დარგობრივ სამინისტროს უფრო მეტი უფლებები ჰქონდეს იმ საიჯარო ვალდებულებების შესახებ, რაც ამა თუ იმ ინვესტორს ეკისრება. აქვე შემოდის ნოტარიუსის როლი, რომელიც უცხოელ და ქართველ კერძო პირებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე დამოწმებას განახორციელებს და შეამოწმებს ახალი კანონით დადგენილი ახალი პირობების შესრულებას როგორც მიწის გამყიდველის, ისე მისი მყიდველის მხრიდან. ჩვენ შემოგვაქვს დათქმა, რომ უცხოელ ფიზიკურ პირს, უცხოურ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში და ასეთში იგულისხმებიან ის იურიდიული პირები, რომელთა 50%-ზე მეტს ფლობს უცხოელი, ექნებათ უფლება, შეისყიდონ სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწა არანაკლებ 5 ჰექტარი და მაქსიმუმ 100 ჰექტარი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სერიოზული საინვესტიციო წინადადებების პირობებში საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს უფლებას, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ხელი შეუწყოს და დართოს ნება, შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების დეტალური შესწავლის შემდეგ ფლობდნენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწებს”, - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაზე დაბალანსებული მოდელია, რომელიც ერთი მხრივ, საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მეორეს მხრივ კი უცხოელი ინვესტორების უფლებებს იცავს.